სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის ბარიერების კვლევა

შეგროვების თარიღები: 10 ნოემ 2010 - 01 დეკ 2010
გამოქვეყნების თარიღი: 01 ნოემ 2011

სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის ბარიერების კვლევა ჩატარდა იმ მიზნით, რომ უკეთესი წარმოდგენა შექმნილიყო, თუ რატომ არ სარგებლობს შეღავათებით საქართველოს ღარიბი შინამეურნეობების მნიშვნელოვანი რაოდენობა. ამ მიზნით 2009 წლის კვლევის რესპონდენტები ყველაზე ღარიბ კვინტილში ხელახლა გამოიკითხნენ. სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის ბარიერების კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რჩეული ფაქტები

კვლევის შერჩევა - სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის ბარიერების კვლევისათვის რესპონდენტების შერჩევა მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის მონაცემთა ბაზიდან მოხდა. ამ მიზნით მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევაში მონაწილე შინამეურნეობები დაიყვნენ ხუთ კვინტილად მათი კეთილდღეობის ხარისხის მიხედვით. პირველი კვინტილი მოიცავდა ყველაზე ღარიბი შინამეურნეობების 20%-ს. შესაბამისად, მეხუთე კვინტილი მოიცავდა შერჩეულ რესპონდენტთა ყველაზე შეძლებული შინამეურნეობების 20%-ს. „კეთილდღეობის ხარისხი“ განიმარტა, როგორც შინამეურნეობების ყოველთვიური ხარჯები ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულზე (15-65 წლამდე ასაკის მამაკაცი) და მასშტაბის ეფექტის გათვალისწინებით. პირველი კვინტილი იმ შინამეურნეობებს მოიცავდა, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 117,5 ლარს არ აღემატებოდა ამ შინამეურნეობაში ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულზე. რესპონდენტთა 15%-ის მიერ, სავარაუდოდ, პასუხზე უარის გათვალისწინებით, შერჩეულ რესპონდენტებს დაემატათ 212 შინამეურნეობა მეორე კვინტილიდან. მთლიანი შერჩევა მოიცავდა 1 078 შინამეურნეობას. ისინი განაწილებულია საქართველოს ყველა რეგიონში.

კვლევის ინსტრუმენტები –კითხვარი შედგენილია ფოკუს-ჯგუფებში დისკუსიების საფუძველზე. სულ რვა ფოკუს-ჯგუფი შეიქმნა: ა) სოციალური მომსახურების სააგენტოს ბენეფიციარები; ბ) მიზნობრივი სოციალური დახმარების მაძიებლები; გ) სოციალური მუშაკები და სოციალური აგენტები; დ) საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების დირექტორები და მასწავლებლები; ე) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წარმომადგენლები; ვ) სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები; ზ) ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები და თ) ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. კითხვარის სამუშაო ვერსია შეადგინა სოციალური კვლევებისა და ანალიზის ცენტრმა (ISSA). საკონსულტაციო კომიტეტმა წარმოადგინა კომენტარები და მოსაზრებები კითხვარის სამუშაო ვერსიაზე. კითხვარმა ტესტირება გაიარა საველე პირობებში 20 შინამეურნეობაში როგორც ქალაქში, ისე სოფლად. პილოტირების შემდეგ კითხვარის საბოლოო ვერსია შედგა და ინტერვიუერებს შესაბამისი სწავლება ჩაუტარდათ. კითხვარი გადაითარგმნა და გამოიცა სამ ენაზე (ქართულად, სომხურად და აზერბაიჯანულად).

საველე სამუშაოები -კვლევის განხორციელებისათვის ინტერვიუერთა 10 ჯგუფი შეირჩა. თითოეული მათგანი 1 ზედამხედველისაგან და 1-დან 6-მდე ინტერვიუერისაგან შედგებოდა, შესაბამისი რეგიონის სიდიდის მიხედვით. თითო ინტერვიუს ხანგრძლივობა საშუალოდ ერთ საათს შეადგენდა. საქართველოს მასშტაბით 2010 წლის 10 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე პერიოდში სულ 902 ინტერვიუ ჩატარდა. გამოპასუხების მაჩვენებელმა 83,7% შეადგინა.

ცხრილი1: დასრულებული ინტერვიუებისა და პასუხზე უარის განაწილება რეგიონების მიხედვით

 

რეგიონი

დასრულებული ინტერვიუების რაოდენობა

პასუხზე უარის რაოდენობა

თბილისი

111

12

აჭარა

21

10

იმერეთი

191

32

შიდა ქართლი

57

9

ქვემო ქართლი

137

38

სამცხე-ჯავახეთი

39

10

სამეგრელო

81

16

გურია

64

20

კახეთი

127

14

მცხეთა-მთიანეთი

57

14

რაჭა

17

1

სულ

902

176

პასუხზე უარის ძირითადი მიზეზები იყო: ა) ოჯახის მისამართის შეცვლა; ბ) ერთსულიანი ოჯახის წევრის გარდაცვალება; გ) ოჯახის ზრდასრული წევრის ხელმიუწვდომლობა (ინტერვიუერის მიერ რამდენიმე ვიზიტის მიუხედავად).

 მონაცემთა დამუშავება - შევსებული კითხვარების კოდიფიცირება მოხდა საველე სამუშაოების დასრულების შემდეგ. კოდიფიცირებული კითხვარები შეიტანეს პროგრამაში SPSS (ვერსია 13, კომპიუტერული პროგრამა). მონაცემთა გაცხრილვა ორ ეტაპად მოხდა. გაცხრილვის პირველი ეტაპი მოიცავდა თითოეული ცვლადისათვის სიხშირის დათვლას მონაცემებში „უზუსტო კოდების“ შემოწმების მიზნით. მეორე ეტაპზე სტატისტიკოსმა შეამოწმა უზუსტობის სიხშირის მაჩვენებელი და გამოარჩია პრობლემატური შემთხვევები. გაცხრილული მონაცემების შეწონვა მოხდა მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევაში განსაზღვრული წონების მიხედვით. შეწონილი მონაცემები დამუშავდა სხვადასხვა სტატისტიკური მეთოდით: სიხშირეების განაწილება, ჯვარედინი ცხრილები, საშუალო, მოდა, მედიანა და სხვ.

მონაცემები წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით - ისინი დაყოფილია თბილისის, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქარათველოს, აგრეთვე ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ეთნიკური ჯგუფების მიხედვით. წინამდებარე ანგარიშის მიზნებისათვის, რესპოდენტები აგრეთვე დაყოფილია შინამეურნეობის სადაზღვევო სტატუსის მიხედვით.