წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის პირობების კვლევა საქართველოს საჯარო სკოლებში - ინტერვიუ სკოლის დირექტორებთან და ადმინისტრაციის წევრებთან

შეგროვების თარიღები: 01 სექტ 2013 - 31 ოქტ 2013
გამოქვეყნების თარიღი: 01 დეკ 2013

მოცემული დოკუმენტი საქართველოს საჯარო სკოლებში წყლის, სანიტარიული და ჰიგიენური პირობების შესწავლის პირველ ფართომასშტაბიან მცდელობას წარმოადგენს. კვლევა ჩატარდა 2013 წლის შემოდგომის პერიოდში და არის მსოფლიო ინიციატივის - საქართველოს სკოლებში სანიტარიისა და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების - შემადგენელი ნაწილი. აქ მოცემული კვლევის შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც პირველადი საფუძველი მიღწეული შედეგების და პროგრესის შესაფასებლად და საქართველოში სამომავლო ინტერვენციების დასაგეგმად. კვლევის ფარგლებში მოპოვებული შედეგების მიხედვით, საქართველოში არსებული სიტუაცია შეიძლება შევადაროთ სხვა ქვეყნებში არსებულ სიტუაციას, რადგან მონაცემები შეგროვებულია სანიტარიისა და ჰიგიენური პირობების გლობალური მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგიის მიხედვით, რომელიც შემუშავებულია UNICEF-ის მიერ შესაბამისი სტანდარტიზირებული ინდიკატორებით და ინსტრუმენტებით.

რჩეული ფაქტები

კვლევა მოიცავდა როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ კომპონენტებს. კერძოდ, კვლევის ჩასატარებლად გამოყენებული იქნა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შემუშავებული სკოლებში წყლის, სანიტარიული და ჰიგიენური პირობების გლობალური შეფასებისა და მონიტორინგის მეთოდოლოგია, რომელიც მოიცავს სამ ძირითად მეთოდს: ა) სკოლის დირექტორებთან/ადმინისტრატორებთან პირისპირ ინტერვიუს; ბ) ინფრასტრუქტურასა და მოსწავლეთა ჰიგიენურ ქცევაზე დაკვირვებას; გ) სკოლის მოსწავლეებითა და მასწავლებლებით დაკომპლექტებული ფოკუს ჯგუფების დისკუსიებს.

კვლევის გენერალურ ერთობლიობას წარმოადგენდა 2013 წლისთვის საქართველოში მოქმედი საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები (2085 სკოლა).

რაოდენობრივი კომპონენტისათვის შერჩევის ზომად განისაზღვრა 600 სკოლა. შერჩევის ჩარჩოდ გამოყენებული იქნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული სკოლების სია.

კვლევისათვის გამოყენებულ იქნა სტრატიფიცირებული შერჩევა. სტრატიფიკაციის ნიშნებს წარმოადგენდა:

  • რეგიონი
  • დასახლების ტიპი (ქალაქი/სოფელი)
  • ეთნიკურობა - სწავლების ენა (ქართული/არაქართული ერთენოვანი/მრავალენოვანი)

სულ საქართველოს სკოლები დაიყო 35 სტრატად. შერჩევის მთელი მოცულობა (600 სკოლა) გადანაწილდა სტრატებში სკოლების რაოდენობის პროპორციულად. სკოლების შერჩევა ყოველ სტრატაში განხორციელდა მარტივი შემთხვევითი შერჩევის საშუალებით.

რაოდენობრივი კომპონენტის შედეგების ცდომილება არ აღემატება 5%-ს  ქვეყნის დონეზე, ხოლო 10%-ს რეგიონის დონეზე. 95%-იანი საიმედობით, ცდომილების მნიშვნელობები სტრატებში შეადგენს:

  • თბილისი - 11%
  • ქალაქები - 8-13 %
  • სოფლები - 3.9%

თვისებრივი კომპონენტის ფარგლებში ფოკუს ჯგუფები ჩატარდა საჯარო სკოლებში დედაქალაქსა და საქართველოს რამდენიმე რეგიონში. კერძოდ, კახეთში, ქვემო ქართლსა და მცხეთა–მთიანეთში. ფოკუს დისკუსიები შედგა სკოლის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან. დისკუსიებისათვის სკოლების შერჩევისას გათვალისწინებული იყო სკოლის ზომა (დიდი, პატარა), ადგილმდებარეობა (დედაქალაქი, სხვა ქალაქი, სოფელი, მთიანი რეგიონი) და ეთნიკური უმცირესობით დაკომპლექტებული სკოლები.

ქვემოთ ცხრილში მოცემულია სკოლები და ის სამიზნე აუდიტორია, რომლებიც იქნა ჩართული ფოკუსურ დისკუსიებში:

სამიზნე აუდიტორია

ფოკუს ჯგუფების რაოდენობა

ფოკუს ჯგუფების ჩატარების ადგილი

მოსწავლე (ბიჭები: 5–8 კლასი)

1 (8-10 მონაწილე)

თელავი

მოსწავლე (გოგონები: 8–12 კლასი)

2 (8-10 მონაწილე)

თბილისი

შულავერი

მასწავლებელი

2 (8-10 მონაწილე)

თბილისი

დუშეთი

 

რიგ შემთხვევებში, ფოკუს ჯგუფები ჩატარდა სკოლის გარეთ, ნეიტრალურ ადგილას, რამაც გაამარტივა სხვადასხვა სკოლებიდან რესპონდენტების შერჩევის პროცედურა. სხვა შემთხვევებში, ფოკუს ჯგუფების სკოლებში ჩატარებამ მკვლევარს საშუალება მისცა ერთის მხრივ ადგილზე დაეთვალიერებინა სკოლის სანიტარიულ– ჰიგიენური პირობები და დაეფიქსირებინა პრობლემები; ხოლო მეორეს მხრივ, გაეზარდა რესპონდენტთა მოტივაცია, რამდენადაც მკვლევარის ადგილზე ვიზიტს რესპონდენტები მათი პრობლემებით რეალურ დაინტერესების ნიშნად აღიქვამდნენ.

ინსტრუმენტი და საველე სამუშაოები

დირექტორთა კითხვარი, დაკვირვების ფორმა და სახელმძღვანელოები ფოკუს ჯგუფებისათვის შეიქმნა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შემუშავებული WASH-ის მეთოდოლოგის ფარგლებში, სტანდარტიზირებულ ფორმებზე დაყრდნობით. კვლევის ინდიკატორები განხილულ იქნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტებთან და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით.

გაეროს ბავშვთა ფონდის ოფისმა საქართველოში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო კვლევის ინსტრუმენტების შემუშავებაში, ინტერვიუერების/დამკვირვებლების ტრენინგში ინსტრუმენტების გამოყენების წესებსა და სპეციფიური ტერმინოლოგიის გამოყენებაში და ტექნიკურ დახმარებას უწევდა კვლევით ჯგუფს ანგარიშზე მუშაობის ეტაპზე.

სულ კვლევის ფარგლებში შემუშავდა ოთხი ინსტრუმენტი: დაკვირვების ფორმა, დირექტორთა და სკოლის ადმინისტრაციის კითხვარი და ორი განსხვავებული სახელმძღვანელო ფოკუს დისკუსიებისათვის. საველე სამუშაოებს წინ უძღვოდა ინსტრუმენტების პილოტაჟი.

საველე სამუშაოები განხორციელდა კვლევითი კომპანიის, ბისიჯის მიერ 2013 წლის შემოდგომის დასასწყისში.

საველე სამუშაოების მიმდინარეობა და შენიშვნები მონაცემებთან დაკავშირებით

  • კვლევისათვის შერჩეულ სკოლის დირექტორებს, კვლევითმა კომპანიამ მიმართა წერილობით. კვლევის საკითხების განმარტებისა და კვლევის მნიშვნელობის გაცნობის შედეგად, სკოლის დირექტორები იჩენდნენ მაღალ ინტერესს. სკოლის დირექტორები თავად განმარტავდნენ, რომ კვლევაში მათი ჩართულობა და ინტერესი პრობლემების სიმწვავითა და ამ პრობლემებით დაინტერესებული მხარის გამოჩენით იყო გამოწვეული;
  • ერთეულ შემთხვევებში, სკოლის დირექტორებმა უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე კვლევითი ორგანიზაციიდან მიღებული წერილის საფუძველზე. თუმცა, ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურს ცენტრთან კომუნიკაციის შემდეგ, ეს პრობლემა დადებითად გადაწყდა და სკოლებმა კვლევაში მონაწილეობა მიიღეს;
  • კვლევის მიმდინარეობისას, ერთეულ შემთხვევებში, საჭირო გახდა შერჩეული სკოლების ჩანაცვლება შერჩევის დამატებითი ბაზიდან, რაც უკავშირდებოდა სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს ან სკოლის ძირითადი შენობის უფუნქციობას, რა დროსაც, მოსწავლეები გადანაწილებულები იყვნენ სხვადასხვა კერძო შენობებში;
  • გამოკითხული სკოლების მდგომარეობა სანიტარიისა და ჰიგიენის მხრივ ძალიან განსხვავებულია, რაც, გარდა ადგილმდებარეობისა, დამოკიდებლია სხვა მრავალ ფაქტორზე, როგორიცაა, სკოლის ზომა, მოსწავლეთა შემადგენლობა, სკოლის ტრადიცია, სკოლის მართვა და სხვა. შესაბამისად, კითხვარში მოცემულ მთელ რიგ საკითხებზე, მიღებული პასუხების დიაპაზონი ფართოა.
  • ძირითად შემთხვევებში, ინფორმაცია სეზონური გაცდენების შესახებ დირექტორის დაახლოებით შეფასებას ეფუძნება და არა სტატისტიკას. როგორც დირექტორები აღნიშნავენ, ამ ტიპის აღრიცხვა სკოლებში აღარ ხდება. ასევე, სოფლებში, გაცდენების მაღალი წილი უკავშირდება შემოდგომას. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების აქტიური პერიოდის გამო, რომელშიც ჩართულები არიან მოსწავლეები;
  • მკვლევარების დაკვირვებით, სკოლებში, შეინიშნებოდა მობილიზება კვლევაში მონაწილეობის შესახებ წერილის მისვლის შემდეგ. სკოლები გამოიყურებოდა უფრო სუფთად, მოწესრიგებულ მდგომარეობაში, ვიდრე, მკვლევარების აზრით, ჩვეულებრივ პირობებში, გაუფრთხილებლად მისვლის შემთხვევაში იქნებოდა. მკვლევარებმა დაასახელეს სკოლის დამლაგებლებთან ან მნესთან გასაუბრების არაერთი ფაქტი, როდესაც, მათ დირექტორისგან წინასწარ მიიღეს შეტყობინება დასუფთავებაზე ან ინფრასტრუქტურის შეკეთებაზე.
  • რიგ შემთხვევებში, კვლევის საკითხებზე სკოლებში არსებულ მდგომარეობას სხვადასხვა მიმართულებით არ აქვს ზოგადი ხასიათი, არამედ ინტერვიუს ჩატარების დღეს უკავშირდება. მაგ.: შემთხვევა, როდესაც ინტერვიუს პროცესის დროს მოხდა საპირფარეშოს დემონტაჟი ან ბუფეტის დაკეტვა რამდენიმე დღით, რაც დაკავშირებული იყო სკოლებში კვების მომსახურეობის გამწევი კომპანიის ცვლილებასთან.
  • მკვლევარების დაკვირვებით, ზოგ შემთხვევაში, მხოლოდ მათი ვიზიტისას მოხდა სკოლაში წყლის გაშვება. მათი აზრით, სკოლაში, როგორც წესი, წყალი გადაკეტილია წყლის ეკონომიის მიზნით.
  • აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სკოლის დირექტორები, განსაკუთრებით თბილისში, მწვავედ განიცდიან წყლის გადასახადის პრობლემას. სკოლის დირექტორების აზრით, სკოლებში წყლის გადასახადი არ უნდა ანგარიშდებოდეს იმ პრინციპით, როგორც კერძო კომპანიებში, არამედ, მათთვის უნდა იყოს დაწესებული სკოლისთვის მისაღები/შეღავათიანი ტარიფი.
  • მკვლევარების რეკომენდაციით, მსგავსი ტიპის კვლევის ჩატარებისას, უმჯობესია, თუ ერთ სკოლაში იმუშავებს ორი მკვლევარი – ერთი მკვლევარი კითხვარის საშუალებით მიიღებს ინფორმაციას სკოლის შესახებ, ხოლო მეორე მკვლევარი დააკვირდება სკოლის ინფრასტრუქტურას და ჰიგიენურ ქცევას. ამ შემთხვევაში, თავიდან ავირიდებთ დირექტორის გავლენით მიღებულ ინფორმაციას , რაც გაზრდის დაკვირვების პროცესის ობიექტურობას.
  • Survey Of Water, Sanitation And Hygiene Conditions In Public Schools
    გამოქვეყნების თარიღი: 01 დეკ 2013
    ენა: English

    The presented document is the first wide attempt of surveying the Water, Sanitation and Hygiene conditions at Public schools of Georgia. The survey was conducted in Autumn 2013 by the Educational and Scientific Infrastructure Development Agency with the financial and technical support of United Nations Children’s Fund (UNICEF). The field works were conducted by the research organization BCG. The National Survey of Sanitary-hygiene Situation of Public Schools is the component part of the wide initiative – Improvement of the Sanitation and Hygiene Conditions in Schools of Georgian. The National Survey of Sanitation and Hygiene Situation of Public Schools is the component part of the wide initiative – Improvement of the Sanitary-Hygiene Conditions in Schools of Georgian. The Project is the joint initiative of the United Nations Children’s Fund (UNICEF) Georgia Country Office and the Ministry of Education and Science of Georgia. The aim of the Project is elaboration of the Water, Sanitation and Hygiene standards for general educational institutions, support the introduction of proper monitoring system in general educational institutions in this regards and promote teaching of hygiene in the frame of the general education by training the teachers and creating the supporting manuals and textbooks.

  • წყლის, სანიტარიული და ჰიგიენური პირობების კვლევა საჯარო სკოლებში
    გამოქვეყნების თარიღი: 01 დეკ 2013
    ენა: ქართული

    მოცემული დოკუმენტი საქართველოს საჯარო სკოლებში წყლის, სანიტარიული და ჰიგიენური პირობების შესწავლის პირველ ფართომასშტაბიან მცდელობას წარმოადგენს. კვლევა განხორციელდა 2013 წლის შემოდგომაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების ეროვნული სააგენტოს მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით. საველე სამუშაოები განახორციელა კვლევითმა ორგანიზაცია ბისიჯიმ. საჯარო სკოლებში სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომაროების ეროვნული კვლევა უფრო ფართო ინიციატივის - საქართველოს სკოლებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების კომპლექსური პროექტის შემადგენელი კომპონენტია. აღნიშნული პროექტი გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს. იგი მიზნად ისახავს ზოგადსაგანმანათლებლო სექტორში წყლის, ჰიგიენისა და სანიტარიის სტანდარტების შემუშავებას, ამ კუთხით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მონიტორინგის გამართული სისტემის ამოქმედების ხელშეწყობასა და ზოგადი განათლების ფარგლებში ჰიგიენის სწავლების პროცესის მხარდაჭერას მასწავლებელთა გადამზადებისა და დამხმარე სახელმძღვანელოების შექმნის გზით.

შეგროვების თარიღები:
01 სექტ 2013 - 31 ოქტ 2013
გამოქვეყნების თარიღი:
01 დეკ 2013
პასუხების ჯამური რაოდენობა:
600
გაანალიზებადი შეკითხვები:
263
შეწონილი მონაცემები:
არა
საიტზე დამატების თარიღი:
11 მაისი 2015
ბოლო განახლების თარიღი:
26 იანვ 2016

UNICEF-ის გამოყენების წესების, ნებართვისა და სხვა რელევანტური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ UNICEF-ის მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინფორმაციის სიას.

http://www.unicef.org/about/legal_index.html

სიღრმისეული ანალიზისთვის შეგიძლიათ მონაცემთა შემდეგ ფორმატში ჩამოტვირთვა.
  • CSV
  • R
  • SPSS
  • STATA